„პოლიტიკო“ – „მეტამ“ დაბლოკა ალბანელი აქტივისტების ანგარიშები, რომლებიც ტრამპის სიძესთან დაკავშირებული კურორტის მშენებლობას აპროტესტებენ
კომპანია „მეტამ“ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ალბანელ აქტივისტებთან, ჟურნალისტებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერთან დაკავშირებული ათობით ანგარიში დაბლოკა ან წაშალა. შემთხვევები ალბანეთში მიმდინარე მრავალთვიანი საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა. აქციის მონაწილეები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის კომპანიასთან დაკავშირებული ძვირად ღირებული კურორტის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„ინსტაგრამზე“ საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული ანგარიშების დაბლოკვა იტალიელმა ევროპარლამენტარმა, სანდრო გოზიმ გააკრიტიკა და „მეტასგან“ განმარტება მოითხოვა.
„როდესაც ოპოზიციისა და აქტივისტების ათობით ანგარიში, რომლებიც ერთსა და იმავე საპროტესტო მოძრაობასთან არიან დაკავშირებული, თითქმის ერთდროულად ქრება, ამას უბრალოდ ტექნიკურ პრობლემად ვერ განვიხილავთ“, – განაცხადა გოზიმ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, სოციალურმა ქსელებმა ალბანეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. აქტივისტებსა და ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარ ანგარიშებზე მოვლენები პირდაპირ ეთერში გაეშუქებინათ და პოლიციასთან დაპირისპირების შემთხვევები დაეფიქსირებინათ. თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათი მისამართით საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ შეტყობინებების, კონტენტის წაშლის, ასევე ანგარიშების დაბლოკვისა და გაუქმების შემთხვევები გახშირდა.
დაზარალებული მომხმარებლები აცხადებენ, რომ „ინსტაგრამის“ წესები არ დაურღვევიათ.
„მეტას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია ამ ანგარიშებთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს გადახედავს. მისი თქმით, რამდენიმე ანგარიში, რომელიც შეცდომით იყო წაშლილი, უკვე აღადგინეს. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ „ინსტაგრამზე“ ანგარიშის დაბლოკვის გასაჩივრების პროცედურა არსებობს.
ბრალდებებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ნება მომეცით, აბსოლუტურად გულწრფელი ვიყო: ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს სოციალურ ქსელებში რომელიმე ანგარიშის დაბლოკვასთან ან შეზღუდვასთან და არც ასეთი ოპერაციის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობები გაგვაჩნია. სირცხვილი ამ წარუმატებელ ადამიანთა ჯგუფს ასეთი სისულელის გავრცელებისთვის“, – დაწერა რამამ.
ცნობისთვის, პროექტი ეხება 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სასტუმრო კომპლექსს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ი ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია ალბანეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ფლამინგოები, სელაპები და ზღვის კუები ბინადრობენ. მიუხედავად პროტესტისა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა, რომ ქვეყანა კურორტის პროექტის განხორციელებას გააგრძელებს.