„პოლიტიკო“ – მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის მისწრაფების შესრულება 2027 წლისთვის შეუძლებელი იქნება, თუმცა, შესაძლოა, ისლანდია იყოს განსაკუთრებული შემთხვევა და სწრაფად წავიდეს წინ
„პოლიტიკოს“ ცნობით, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინის მისწრაფების შესრულება, გახდეს ევროკავშირის წევრი 2027 წლის იანვრისთვის, „შეუძლებელი იქნება“.
მისივე თქმით, ისლანდია შეიძლება იყოს „განსაკუთრებული შემთხვევა“ და „ძალიან სწრაფად“ წავიდეს წინ, თუ ამ ზაფხულს დაგეგმილ რეფერენდუმში ისლანდიელი ამომრჩეველი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას გადაწყვეტენ.
„ისლანდია უკვე ინტეგრირებულია ევროპის ეკონომიკურ სივრცეში. საერთო ბაზარიც აქვს, შენგენშიც არის. ყველაზე რთული საკითხები, რაც რეფორმებს და ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება, მათ უკვე გავლილი აქვთ. დემოკრატიის განვითარების კუთხითაც და ევროპული ღირებულებების მხრივაც, ისინი ძალიან მაღალ დონეზე არიან“, – აღნიშნა კოსმა.
ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, არსებობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ასევე მართალია, რომ თითქმის არცერთი წევრი ქვეყანა არ უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას, ვიდრე მოლაპარაკებები ჩვეულებრივი წესით არ დასრულდება.