„პოლიტიკო“ – კონსერვატორი ევროპარლამენტარები ევროკომისიას სთავაზობენ, აკრძალოს ევროკავშირის თანხებით ლობირება და გაასაჯაროოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული გრანტები
„ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა“ წევრები მომზადებულ ანგარიშის პროექტში ევროკომისიას რეკომენდაციას აძლევენ, აკრძალოს ევროკავშირის სახსრების გამოყენება ლობირებისთვის, გახადოს საჯარო ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შესახებ და გააუმჯობესოს მონიტორინგი, როგორ იხარჯება ეს თანხები, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
დოკუმენტი ერთწლიანი მუშაობის შედეგია. მას ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტთან არსებული სპეციალური სამუშაო ჯგუფი ამზადებდა. ჯგუფი 2025 წლის ივნისში, მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსერვატორმა დეპუტატებმა ევროკომისია დაადანაშაულეს, რომ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს „მწვანე კურსის“ სასარგებლოდ ლობირებისთვის უხდიდა. ჯგუფში მუშაობაზე უარი თქვეს ევროპარლამენტის ცენტრისტული ფრაქცია „განახლების“, „სოციალისტებისა და დემოკრატების“ და „მწვანეების“ წარმომადგენლებმა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, თავად ანგარიშის ავტორების, დირკ გოტინკისა და კარლო ფიდანცას განმარტებით, არ დადასტურებულა, რომ ევროკომისია არასამთავრობოებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის უხდიდა და არც რაიმე კანონის დარღვევა. მიუხედავად ამისა, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ფული ლობირებას საერთოდ არ უნდა მოხმარდეს. მათი შეფასებით, საეჭვოა ფაქტი, რომ კომისიამ და მისმა სააგენტოებმა ლობისტური აქტივობების მქონე პროექტები დააფინანსეს. ამიტომ ითხოვენ, არასამთავრობოებს ევროკავშირის თანხით სხვა ინსტიტუტების ლობირება აეკრძალოთ, ხოლო დამრღვევებს მომავალში ფინანსებზე წვდომა შეეზღუდოთ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ანგარიშის ავტორები ევროკომისიას გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არ არის საკმარისად გასაგები, როგორ ფინანსდება განცხადებები და როგორ ნაწილდება თანხას.
კრიტიკა ეხება ევროკავშირის კლიმატის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს აღმასრულებელ სააგენტოსაც. დეპუტატების მტკიცებით, ის გრანტებს ისეთ ორგანიზაციებს აძლევს, რომელთა საქმიანობა ზედმეტად ემთხვევა კომისიის დღის წესრიგს.
ევროკავშირის წესების მიხედვით, კომისია გრანტებს იმ პროექტებსა და ორგანიზაციებს უნიშნავს, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს ემსახურებიან.