„პოლიტიკო“ – კალასი კულისებში ეწინააღმდეგება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რეფორმაზე საფრანგეთ-გერმანიის გეგმას, კალასის მოკავშირეებს ეშინიათ, რომ შესაძლოა, ფონ დერ ლაიენს გადაეცეს მეტი კონტროლი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი კულისებში აქტიურად ეწინააღმდეგება საფრანგეთ-გერმანიის გეგმას, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ძირეულ რეფორმას ითვალისწინებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, კალასი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს და ახალი გენერალური მდივნის მეშვეობით რეფორმის ალტერნატიულ გეგმებს ამზადებს.
გამოცემის ცნობით, კალასის ეს კამპანია ეფუძნება არგუმენტს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრობლემები არა არსებული ინსტიტუციური სტრუქტურიდან, არამედ გადაწყვეტილებების ერთსულოვნად მიღების პრინციპიდან და ევროკავშირის ხელშეკრულებების არასათანადო აღსრულებიდან გამომდინარეობს. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ ევროკავშირის სამმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, დაპირისპირება მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. რუსეთის ომი უკრაინაში, დონალდ ტრამპის მოთხოვნები ევროპის მიმართ, კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთის მიმართ გამკაცრებული მიდგომა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყებისთვის ქმედუნარიანობის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს. ამასთან, ევროკომისია საგარეო პოლიტიკაში საკუთარ როლს აფართოებს, ხოლო ბერლინი ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებებისას ხარჯების შემცირებას მოითხოვს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კალასის მოკავშირეებს ეშინიათ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა რეფორმამ, შესაძლოა, საბოლოოდ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გადასცეს მეტი კონტროლი იმ სფეროებზე, რომლებსაც ამჟამად კალასი ხელმძღვანელობს.
„ჩემ ზემოთ თუ არის ვინმე, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს, მაშინ ეს არ იმუშავებს“, – განაცხადა კალასმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ერთ-ერთმა დიპლომატმა საფრანგეთ-გერმანიის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კალასს მთელი პროცესის გაჭიანურება სურს, რადგან არ უნდა, ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში აღმოჩნდეს. მეორე დიპლომატის თქმით, „კალასის სურვილია, ეს ყველაფერი საერთოდ გაქრეს“.
„პოლიტიკოს“ ცნობით, კალასის წინააღმდეგობა უკვე გამოიხატა კონკრეტულ ნაბიჯებში. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ახალი გენერალური მდივანი კაისა ოლონგრენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტებს მართავს და მათთან რეფორმის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ოლონგრენი ვიზიტების შედეგებს სამსახურის თანამშრომლებს ამ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე გააცნობს, სადაც კალასი მას ოფიციალურად წარადგენს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ოლონგრენი, სავარაუდოდ, გამოვა შეთავაზებით, შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი – ე.წ. უხუცესთა საბჭო, რომელიც სამსახურის შიდა რეფორმის შესაძლო მიმართულებებს შეისწავლის. ამ ინიციატივის მიზანია, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა თავად მოიპოვოს მეტი კონტროლი რეფორმის შესახებ დისკუსიაზე. „პოლიტიკოს“ მიხედვით, ამ დებატების შედეგმა, შეიძლება, განსაზღვროს, დარჩება თუ არა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გამტარებელ ცალკე ინსტიტუტად თუ ის უფრო მჭიდროდ ინტეგრირდება ევროკომისიაში.
საფრანგეთ-გერმანიის გეგმები, რომლებიც „პოლიტიკოს“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტშია წარმოდგენილი, ითვალისწინებს საგარეო ქმედებათა სამსახურის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ევროკომისიის სტრუქტურაში გადაყვანას. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი კალასის ოფიციალური როლის გაძლიერებასაც ითვალისწინებს, მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ საბოლოოდ ეს ცვლილებები ევროკომისიას და ფონ დერ ლაიენს საგარეო პოლიტიკაზე უფრო მეტ კონტროლს მისცემს.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ამჟამად ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას შორის ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. კალასი მუშაობს წევრი ქვეყნების მთავრობებთან ევროკავშირის საბჭოში, სადაც საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება, ხოლო ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკომისიასთან კოორდინაციას უწევს ევროკავშირის საგარეო საქმიანობას. „პოლიტიკოს“ ცნობით, კალასმა უკვე გამოხატა შეშფოთება საფრანგეთ-გერმანიის გეგმებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობა ინსტიტუციური ცვლილების წინააღმდეგია.
ბოლო დღეებში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტის გარდა, დისკუსიის საგანი გახდა ევროკავშირის თერთმეტი წევრი ქვეყნის წერილი, რომელშიც ისინი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემოღებას მოითხოვენ. ამ წერილს ხელს აწერენ, მათ შორის, საფრანგეთი და გერმანიაც.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ეს წერილი კარს უხსნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის შერჩევით გამოყენებას. ამჟამად ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მისაღებად ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო. სწორედ ეს პრინციპი ქმნიდა სერიოზულ შეფერხებებს, განსაკუთრებით უნგრეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, როდესაც ის ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერას ეწინააღმდეგებოდა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ კაია კალასი ეთანხმება თავისი სამსახურის რეფორმის მიზანს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უფრო სწრაფი და ეფექტიანი უნდა გახდეს და ევროკავშირმა უკეთ უნდა შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა. თუმცა, მისი თქმით, გამოსავალი დიდი ინსტიტუციური რეფორმა კი არა, ევროკავშირის მოქმედი ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ნორმების შესრულებაა.
„პრობლემა არ არის ხელშეკრულებები და არც ინსტიტუციური მოწყობა. პრობლემა მათი განხორციელებაა“, – განაცხადა კალასმა.