კაია კალასი აცხადებს, რომ „ევროპაში მასშტაბური ომის მძვინვარების პერიოდში მისი სამსახური დამატებით ღირებულებას ქმნის"
კაია კალასი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს იცავს და აცხადებს, რომ მისი უწყება „დამატებით ღირებულებას“ ქმნის.
კალასი პასუხობს საფრანგეთის მთავრობის მიერ მომზადებულ სადისკუსიო დოკუმენტს, რომელშიც ევროკავშირის საგარეო უწყებასთან მიმართებაში რადიკალური ვარიანტები იყო წარმოდგენილი, მათ შორის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროკომისიის კონტროლის ქვეშ სრულად მოქცევა.
„მე ხაზს გავუსვამდი იმას, რამხელა დამატებითი ღირებულება შევუქმენით ევროპას, როგორც გუნდმა, განსაკუთრებით ევროპაში მასშტაბური ომის მძვინვარების პერიოდში“, – აღნიშნულია კაია კალასის წერილში, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის 5 ათას თანამშრომელს გაუგზავნა.
ელექტრონულ წერილში ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კალასმა, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს 2024 წლიდან ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მიესალმება რეფორმებთან დაკავშირებულ დებატებს. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროკავშირის ინსტიტუტების როლი და პასუხისმგებლობები ხელშეკრულებებში მკაფიოდ არის განსაზღვრული“.
ფრანგული დოკუმენტი მოჰყვა ეროვნული დედაქალაქებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან დიდი ხნის კრიტიკას, რომ ევროკავშირის დიპლომატია ძალიან ნელი, ინსტიტუციურად დისფუნქციურია და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის დროს ევროპის საგარეო უწყებას და ევროკომისიას შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის ესკალაციის მსხვერპლია.
ევროკავშირის დიპლომატის თქმით, დოკუმენტი წარმოადგენდა შიდა დოკუმენტს, რომელიც არ იყო დამტკიცებული საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან მისი თანაშემწეების მიერ და არ ასახავს საფრანგეთის ოფიციალურ პოზიციას. მასში ევროპის საგარეო უწყების რეფორმირების სამი ვარიანტია მითითებული, მათ შორის, მისი სრულად კომისიის დაქვემდებარებაში მოქცევა, მისი ძირითადი ფუნქციების ევროკავშირის საბჭოსთვის გადაცემა, რომელიც 27 წევრი მთავრობის სახელით მუშაობს და კალასის როლის გაძლიერება. მანამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირს უფრო ძლიერი დიპლომატიური სამსახური სჭირდება.
ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები კაია კალასისა და მისი სამსახურისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვის ვარიანტებს განიხილავენ.