„პოლიტიკო” – ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ ესმის ვიქტორ ორბანის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით

00:51, 20.03.2026

ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ ესმის ვიქტორ ორბანის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „პოლიტიკოწერს.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირის სამიტის დახურულ სესიაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა უკრაინის საკითხზე მისი პოზიციის გამო. როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ჯორჯია მელონიმ კოლეგებს განუცხადა, რომ მას ესმის მიზეზები, რის გამოც უნგრეთის ლიდერმა ბლოკი გააღიზიანა, კერძოდ, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც დეკემბერში მას მხარი დაუჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ მელონიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირადად კვლავ მხარს უჭერს უკრაინისთვის სესხის დაუყოვნებლივ გადაცემას, განაცხადა, რომ ესმის ორბანის პოზიცია, რომელსაც მომავალ თვეში არჩევნები ელოდება.

ერთ-ერთმა დიპლომატმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას იტალიის პრემიერ-მინისტრის სიტყვების ციტირება მოახდინა. ჯორჯია მელონის თქმით, ორბანის პოზიცია „ნორმალურია“, რადგან „ვითარება იცვლება“ და „მეც მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ამას გავიგებდი“.

როგორც გამოცემა წერს, იტალიის მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

მსგავსი