„პოლიტიკო“ - ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდობით ევროს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამისი კონტროლის გარეშე
ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდობით ევროს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამისი კონტროლის გარეშე, როგორ იხარჯება ეს თანხები და ნამდვილად აღწევს თუ არა ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებამდე, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მთლიან პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობაა.
ამასთან, ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს, გატარდეს რეფორმა გრანტების გაცემის ფორმებთან, მონიტორინგსა და ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით.
ევროპის აუდიტორთა სასამართლოს კვლევა მოიცავს 2021- 2023 წლების პერიოდს, რომლის მიხდევითაც, ევროკავშირმა 90 არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთო ჯამში, 7.4 მილიარდი ევრო მისცა. ეს თანხები გაცემულია „ჰორიზონტ ევროპის“ კვლევის პროგრამის, „ევროპის სოციალური ფონდი პლუსის“, „თავშესაფრის“, „მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდის“, „ერასმუს+“ და „ლაიფის“ ფონდებიდან.
ამასთან, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წევრი და ანგარიშის ავტორი ლაიმა ანდრიკიენე, რომელიც ამავდროულად „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, ამბობს, რომ „ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ძალიან ბუნდოვანია, ისევე როგორც ინფორმაცია ევროკავშირის დაფინანსებაზე, მათ შორის ლობირება – ის არც სანდოა და არც გამჭვირვალე. აქ უმნიშვნელოზე არ არის საუბარი. ამ სამი წლის განმავლობაში, 2021-დან 2023-მდე, 7 მილიარდ ევროზე მეტი მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკის ისეთი საკვანძო სფეროებისთვის, როგორებიცაა დაკავშირებადობა, კვლევა, მიგრაცია, გარემო“, – განაცხადა ანდრიეკიენემ.
კვლევით დადგინდა, რომ ევროკომისია ამოწმებს, ასრულებენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალეობის მოთხოვნებს, თუმცა არ ამოწმებს „აქტიურად ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობას”.
„ჩვენ საკმაოდ შოკირებული ვიყავით იმის აღმოჩენით, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევით ინსტიტუტს მიკუთვნებული ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი, იმ დროს, როდესაც მისი მმართველი ორგანო სრულად დაკომპლექტებული იყო მთავრობის წარმომადგენლებით“, – აღნიშნა ანდრიკიენემ.
ანგარიშში ასევე საუბარია ლობირების საკითხზეც, იყენებენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო სახსრებს ევროკავშირში პოლიტიკაზე გავლენისთვის; თუ იყენებენ, ხორციელდება თუ არა ეს ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობით. ამ კითხვებზე ევროპის აუდიტორთა სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ევროკომისია ცნობისმოყვარეობისა და გამჭვირვალეობის დეფიციტს განიცდის.
„ევროკოკმისიამ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია არასამთავრობოს ორგანიზაციების უფლებადამცველი აქტივობების შესახებ, რომელიც ევროკავშირის გრანტებით ფინანსდებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
კრიტიკული შენიშვნების გარდა, ანგარიშში ასევე წარმოდგენილია გარკვეული გაუმჯობესებები 2018 წელს განხორციელებული ბოლო შეფასების შემდეგ. ადრიკიენეს თქმით, ანგარიშში ხსენებული მოკვლევის პერიოდის შემდეგ ევროკომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მითითება მისცა, არ გამოიყენონ ევროკავშირის დაფინანსება ლობიზმისთვის, თუმცა, საერთო ჯამში, სისტემა „ძალიან ბუნდოვანია“.
აღსანიშნავია, რომ ევროპის აუდიტორთა სასამართლოს არ აღმოუჩენია არავითარი მტკიცებულება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის თანხებს, ევროკავშირის კანონმდებლობის ან ღირებულებების დარღვევით იყენებდნენ, მათ შორის, პროპაგანდისტული თუ ლობისტური საშუალებით, თუმცა გამჭვირვალეობის ნაკლებობის გამო ამის რისკი მაღალია.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, 2022 წელს კორუფციულმა სკანდალმა ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ დებატები გამოიწვია.