„პოლიტიკო“ – ევროპელების 71%-ს სურს, ევროკავშირს საკუთარი არმია ჰყავდეს, რაც აშშ-ის საიმედოობის მიმართ მზარდ შეშფოთებას და უკრაინაში რუსეთის ომის გამო ღრმა უთანხმოებას ასახავს

12:21, 13.11.2026

ევროპელების 71%-ს სურს, ევროკავშირს საკუთარი არმია ჰყავდეს, რაც შეერთებული შტატების საიმედოობის შესახებ მზარდ შეშფოთებას და უკრაინაში რუსეთის ომის გამო ღრმა უთანხმოებას ასახავს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის, GLOBSEC-ის კვლევაზე – Trends 2026-ზე დაყრდნობით წერს.

ანალიტიკური ცენტრის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის არმიის შექმნის იდეის მხარდაჭერა მაღალი იყო ყველა წევრ სახელმწიფოში, მათ შორის რუმინეთში, სადც მაჩვენებელი 82%-ს აღწევდა, შემდეგ მოდის ლიეტუვა (78%) და საფრანგეთი (75%).

იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად ფრთხილობენ ევროპული თავდაცვის ინტეგრაციის მიმართ, გამოკითხულთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ იდეას: პოლონეთსა და ბულგარეთში გამოკითხულთა დაახლოებით 70%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირის არმიის შექმნას, ხოლო გერმანიაში – 69%-მა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის ენთუზიაზმი ნატო-ს მიმართ უკმაყოფილების გამოხატულებას არ ნიშნავს, რადგან რესპონდენტთა დაახლოებით 78%-მა მხარი დაუჭირა ბლოკის საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას ნატო-სთან პარალელურად.

ანგარიშის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არმქონე ქვეყნებში გამოკითხულთა შორის 64%-მა მხარი დაუჭირა მის აღდგენას. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, გერმანიასა და სლოვაკეთში.

გამოცემა წერს, რომ ეს დასკვნები გაჩნდა ევროპის მთავრობებს შორის დისკუსიების ფონზე, თუ როგორ გააძლიერონ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები რუსული აგრესიის და შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ფონზე.

GLOBSEC-მა რესპონდენტები 14 ტრანსატლანტიკურ ქვეყანაში გამოკითხა, მათ შორის ევროკავშირის 11 სახელმწიფოში, ასევე უკრაინაში, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში.

მსგავსი