„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს ხელშეუხებლობას გაუუქმებს
„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს ხელშეუხებლობას გაუუქმებს

ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს გაუუქმებს ხელშეუხებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

საუბარია ორ სოციალ-დემოკრატ ევროდეპუტატზე, რომელთაგან ერთ-ერთი ქრთამს, სავარაუდოდ, კატარისგან, ხოლო მეორე მაროკოსგან იღებდა.

ევროპარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა უკვე გააუქმა ხელშეუხებლობა ბელგიელ მარკ ტარაბელას და იტალიელ ანდრეა კოცოლინოს. საბოლოოდ დეპუტატის იმუნიტეტს მათ 2 თებერვალს დაგეგმილ ევროპარლმენტის პლენარულ სხდომაზე გააუქმებენ. მანამდე ამ მოთხოვნით ბელგიის პროკურატურა გამოვიდა.

ორივე დეპუტატი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ კორუფციული სკანდალის გამო, რომელიც ევროპარლამენტში გასულ თვეს აგორდა, დაკავებულია ოთხი პირი. მათ შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. აღნიშნულ პირებს ბელგიის პროკურატურამ ბრალი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია 1,5 მილიონი ევრო.