„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტართა ნაწილი აკრიტიკებს ევროკომისიის ინიციატივას „დემოკრატიის ფარი“, ევროკომისიას უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის გეგმაში საშიში პრეცედენტის შექმნაში ადანაშაულებენ
ევროკომისიის წინადადება, რომელიც არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას უნდა მოემსახუროს, სუსტია და აშშ-ის ინტერესების სახიფათო პატივისცემას აჩვენებს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
საუბარია ევროკომისიის წინადადებაზე სახელწოდებით „დემოკრატიის ფარი“, რომელიც 12 ნოემბერს წარადგინეს და მას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
ავსტრიელი ლიბერალი ევროპარლამენტარის, ჰელმუტ ბრანდშტეტერის თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული წინადადება „არ არის შთამაგონებელი და მას აკლია სიმტკიცე“.
„შესაძლოა, ასეთი წინადადება მისაღები ყოფილიყო მშვიდობიან პერიოდში, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში კი ის სახიფათოდ არასაკმარისია“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიის ინიციატივა ეხება ევროკავშირის ციფრული წესების ამოქმედებას, რომლითაც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებლობას ამავე ქსელებს აკისრებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი ემა კვადევლიგი აცხადებს, ევროკომისიის წინადადების სწორედ ეს ნაწილი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი.
ევროკომისია რამდენიმე სოციალური ქსელის წინააღმდეგ გამოძიებას უკვე ატარებს. მათ ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტის დარღვევაში სდებენ ბრალს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიის წინადადებაში ნათლადაა წარმოდგენილია დეზინფორმაციული კამპანიის მასშტაბი, რომელიც თან ახლავს ხოლმე არჩევნებს, თუმცა ამასთან საბრძოლველად წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის. მათ შორის არის „დემოკრატიული მდგრადობის ევროპული ცენტრის“ შექმნის იდეაც, რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის შესახებ გამოცდილების გაზიარება. კომისია ვერ ჩამოყალიბდა, როგორი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს ამ ცენტრს და ევროკავშირის რომელი ინსტიტუტები იქნებიან მის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლები. ამ საკითხზე ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის.
შვედი ევროპარლამენტარი ტომას ტობე აცხადებს, რომ ევროკომისიის წინადადება „დროული და სიღრმისეული მიმოხილვაა“, მაგრამ, მისივე თქმით, ევროკომისია უფრო ამბიციური უნდა იყოს, როდესაც საქმე რეალურ რეფორმებს ეხება.
სტრატეგია ასევე ეხება მედიასექტორს, თუმცა როგორც ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალური დირექტორი ტიბო ბრუტინი ამბობს, დოკუმენტში მოცემულია გასაკეთებელ საქმეთა „დიდი ნუსხა“, მაგრამ „გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გამოსავალი არ არის წარმოდგენილი“.