„პოლიტიკო“ – ევროპარლამენტარები ევროკომისიას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აშშ-ის სანქციებისგან დასაცავად მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

10:24, 14.10.2026

ევროპარლამენტარები ევროკომისიას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აშშ-ის სანქციებისგან დასაცავად მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, 58 ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილი წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაეგზავნა.

„ოფიციალურად მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს ყველა არსებული მექანიზმი, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ სანქციების შედეგებისგან დავიცვათ“, – ნათქვამია წერილში.

ამასთან, ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტს მოუწოდებენ, „აშშ-ის ადმინისტრაციას მკაფიო პოზიცია დაანახოს“.

ევროპარლამენტარების განცხადებით, სანქციები წარმოადგენს „უცხო ძალის თავდასხმას ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედ ინსტიტუტზე, თანაც ჩვენივე ფინანსური სისტემის გამოყენებით“. ისინი ევროკომისიას მოუწოდებენ, აამოქმედოს ე.წ. ბლოკირების რეგულაცია (Blocking Statute) – საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის კომპანიებს აშშ-ის სანქციების შესრულებას აუკრძალავს მას შემდეგ, რაც 180-დღიანი გარდამავალი პერიოდი დასრულდება.

ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პრაქტიკულ გზებს მოძებნიან, რათა ევროპულმა კომპანიებმა სასამართლოსთან თანამშრომლობის გაგრძელება შეძლონ. ამის შესახებ ორმა დიპლომატმა განაცხადა. ევროპარლამენტარები კი ევროკავშირისგან უფრო მკაცრ რეაგირებას ითხოვენ.

„საფრთხის ქვეშაა იმ ღირებულებების შენარჩუნება, რომლებსაც ევროკავშირი იცავს, ისევე როგორც ევროპის ავტონომია და სანდოობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და ინსტიტუტები უცხოური სანქციებისგან. ეს თავად კავშირის გადარჩენის საკითხია“, – ნათქვამია წერილში.

მსგავსი