„პოლიტიკო“ – ევროკომისია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ისრაელის უკანონო დასახლებებიდან ევროკავშირში იმპორტის შემცირების მიზნით მკაცრი ზომების მიღებას განიხილავს
ევროკომისია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ისრაელის უკანონო დასახლებებიდან ევროკავშირში იმპორტის შემცირების მიზნით მკაცრი ზომების მიღებას განიხილავს, – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონტროლის გამკაცრებამ, შესაძლოა, შეამციროს იმ პროდუქციის იმპორტი, რომელიც ევროკავშირში მოქმედი წესების დარღვევით ხვდება, ახალი სამართლებრივი მექანიზმების მიღების გარეშე.
„განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, იმპორტის ლიცენზირების სისტემის შემოღება, რომლის მიხედვითაც, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ისრაელის უკანონო დასახლებებიდან ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო; იმ პროდუქციაზე დამატებითი ტარიფების დაწესება, რომელიც ამ დასახლებებშია წარმოებული ან დასახლებებიდან იმპორტის სრული აკრძალვა“, – წერს „პოლიტიკო“
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აღნიშნული წინადადებები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოთხოვნით მომზადდა. საკითხი გასულ თვეში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც განიხილეს.
თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ინიციატივა გააკრიტიკა და მას სიმბოლური ნაბიჯი უწოდა.
„ამ ეტაპზე მხოლოდ სიმბოლური ზომების მიღება ძალიან ცოტაა და ძალიან დაგვიანებულია. თანაც, ისრაელში არჩევნების წინ ეს მხოლოდ იმ რიტორიკას აძლიერებს, რომლის გავრცელებასაც ისრაელის მკაცრი ხაზის მომხრე მინისტრები ცდილობენ“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.