„პოლიტიკო“ - ევროკავშირს, ეროვნული უსაფრთხოების სახელით, ჟურნალისტებზე თვალთვალის დასაწესებლად ახალი მედიაკანონის შემუშავება სურს
ევროკავშირს, ეროვნული უსაფრთხოების სახელით, ჟურნალისტებზე თვალთვალის დასაწესებლად ახალი მედიაკანონის შემუშავება სურს. ამის შესახებ საუბარია „პოლიტიკოს“ სტატიაში, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ელჩების მოადგილეები დღეს საბჭოს შეხვედრაზე ე.წ. მწვანე შუქის ანთებას გეგმავენ ახალი მედიარეგულაციისთვის, რომლის თავდაპირველი მიზანიც მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფა იყო.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს სურთ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, უთვალთვალონ ჟურნალისტებს იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლები მათ მთავრობებს მოუწოდებენ ჯაშუშური პროგრამების წინააღმდეგ ბრძოლისკენ.
სტატიის თანახმად, თავდაპირველი სახით, ახალი კანონი მიზნად ისახავდა იმის უზრუნველყოფას, რომ მთავრობებს არ შესძლებოდათ ჟურნალისტების „დაკავება, სანქციების დაწესება, ჩხრეკა და თვალთვალი“ მათი წყაროების გამოსავლენად, იმ შემთხვევაში თუ ეს არ იყო საზოგადოებრივი ინტერესების ძირითადი მოთხოვნა. მათ არ უნდა განეთავსებინათ ჯაშუშური პროგრამები ჟურნალისტების აპარატურაზე, გარდა ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევებისა ან იმ შემთხვევაში, თუ ასეთი თვალთვალი „სერიოზული დანაშაულების“ გამოძიებისთვის არის საჭირო, რომელიც ევროკომისიას ტერორიზმის კატეგორიაში აქვს შეყვანილი. მათ შორისაა: ადამიანებით ან იარაღით ვაჭრობა, ბავშვების ექსპლუატაცია, მკვლელობა, გაუპატიურება და სხვა.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, საბოლოო ტექსტიდან „სერიოზულ დანაშაულთა“ სია ამოიღეს, ჯაშუშური პროგრამების განთავსება კი დასაშვები გახდა 2002 წლის საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილებაში გაწერილი ევროპული დაკავების ორდერის საფუძველზე, რომლითაც 10-იდან 32-მდე გაიზარდა იმ დანაშაულთა რიცხვი, რომელთა შემთხვევაშიც თვალთვალი დაშვებული იქნება.
სამოქალაქო საზოგადოების 59-მა ორგანიზაციამ, მათ შორის RSF-მა და EDRi-მ ღია წერილით მიმართეს ევროკავშირის ელჩების მოადგილეებს და მოუწოდეს, გადახედონ თავიანთ პოზიციას. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, თუ საბჭო დათანხმდება კანონს, მას მოუწევს მოლაპარაკება ევროპარლამენტთან, ხოლო შემდეგ კი – ევროკომისიასთან და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კანონის ამოქმედება.