„პოლიტიკო“ - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკომისიის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს
ოთხშაბათს, საღამოს, სამუშაო ვახშმის დროს, COREPER II-ის ფორმატში შეხვედრისას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკომისიის წარმომადგენელს ნათლად განუცხადეს, რომ ისინი არ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩებმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაციის უფროსს განუცხადეს, რომ წევრი ქვეყნები არ მიიღებენ კომისიის საკამათო წინადადებას „უკუგაფართოების შესახებ“. წინააღმდეგობა ფაქტობრივად ბლოკავს „ჯერ წევრობის, შემდეგ ინტეგრაციის“ მოდელს, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება უჭერდა მხარს უკრაინის ევროკავშირში 2027 წლისთვის გაწევრიანების მიზნით“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ევროკავშირის რამდენიმე მთავარმა დედაქალაქმა უკვე გამოთქვა მკაცრი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„მათ ცრუ მოლოდინები შექმნეს. ახლა ეს უნდა გამოვასწოროთ და ვუთხრათ მათ: სინამდვილეში, ეს უკუგაფართოება თავიდანვე მკვდარი იყო“, – თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბარში.
„ლიდერებისგან მოსალოდნელია, რომ მხარს დაუჭერენ ევროკავშირის ტრადიციულ, დამსახურებაზე დაფუძნებულ გაწევრიანების მიდგომას, რაც ასახავს დედაქალაქების სურვილს, დარჩნენ არსებულ სისტემაში“, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ტერმინი „უკუგაფართოება“ გულისხმობს პროცესს, როდესაც ქვეყანა ჯერ ევროკავშირის წევრი გახდება, პრივილეგიებს კი, რომლებითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ, ეტაპობრივად მიიღებს.