„პოლიტიკო“ – „დამზადებულია ევროპაში“-ს ნაცვლად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ზუსტი იურიდიული სისტემის დანერგვას აპირებენ
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები „ინდუსტრიული დაჩქარების აქტის“ პროექტის გადახედვას ცდილობენ. ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ფართო პრინციპის – „დამზადებულია ევროპაში“-ს ნაცვლად, წევრი სახელმწიფოები უფრო ზუსტი იურიდიული სისტემის დანერგვას აპირებენ, რომელიც სავაჭრო შეთანხმებებსა და კონკრეტული პროდუქციის ბაზარზე დაშვების წესებს დაეფუძნება.
ევროკავშირის საბჭოს უახლესი წინადადება, რომელიც გასულ კვირას ირლანდიის თავმჯდომარეობამ წარადგინა, ახალ კატეგორიას – „პარტნიორულ წარმოშობას“ (partner origin) ამატებს. ის განსაზღვრავს, რა შემთხვევაში ჩაითვლება მესამე ქვეყნების პროდუქცია ევროკავშირის წარმოებულის ეკვივალენტად სახელმწიფო შესყიდვებსა და მხარდაჭერის პროგრამებში.
ახალი წინადადება აღარ ეფუძნება დაშვებას, რომ თავისუფალი ვაჭრობის ყველა პარტნიორს თანაბარი სტატუსი აქვს. ამის ნაცვლად, ის ერთმანეთისგან განასხვავებს პროდუქციას, რომელზეც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების შეთანხმება ვრცელდება და პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ან საბაჟო კავშირის შეთანხმებების ფარგლებში ექცევა. შესაბამისად, კონკრეტული პროდუქტის სტატუსი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ სავაჭრო შეთანხმების არსებობაზე, არამედ იმაზეც, მოიცავს თუ არა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების ვალდებულებები ამ კონკრეტულ პროდუქტს.
გამოცემა წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს სურს, რეგულაცია წლის ბოლომდე დამტკიცდეს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კომისიამ პროექტი მხოლოდ მარტში წარადგინა, ხოლო საბჭო კვლავ არსებით ცვლილებებს ამზადებს, ევროპარლამენტი საკუთარ პოზიციას, სავარაუდოდ, სექტემბრამდე ვერ მოამზდებს.