„პოლიტიკო“ – ევროკავშირი კანადასა და ბრიტანეთთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს, რათა ისინი უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაში დაარწმუნოს
ევროკავშირი კანადასა და დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება, რათა დაარწმუნოს ისინი, გაზარდონ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ბრიუსელის მიზანია, დაეხმაროს კიევს 2027 წლისთვის მოსალოდნელი 70 მილიარდი ევროს ფინანსური დეფიციტის შევსებაში.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის დამატებითი დაფინანსების საკითხი განიხილება 29-30 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირისა და კანადის სამიტზე, ასევე 20 ნოემბერს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შეხვედრაზე.
ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ უკრაინის მზარდი ფინანსური საჭიროებებისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, აუცილებელია ევროკავშირის არაწევრი პარტნიორების უფრო აქტიური მონაწილეობა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები უკრაინის დახმარების 80% უზრუნველყოფენ.
„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება, რომ სხვა პარტნიორებმაც გააძლიერონ ძალისხმევა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამაც ევროპარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა უნდა გაზარდონ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირმა უკვე აიღო ვალდებულება, 2026-2027 წლებში უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყოს, რაც ქვეყნის ფინანსური საჭიროებების დაახლოებით ორ მესამედს დაფარავს. ბრიუსელში თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ დარჩენილი თანხიდან დაახლოებით 45 მილიარდ ევროს სხვა პარტნიორები, მათ შორის კანადა, იაპონია, სამხრეთი კორეა, ავსტრალია და ნორვეგია დაფარავდნენ. თუმცა ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყოფა და გადარიცხვა შეფერხდა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინის ფინანსური საჭიროებები რუსეთის სამხედრო თავდასხმების გააქტიურების, ირანთან შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომის შედეგად ხარჯების ზრდისა და ვაშინგტონის პოლიტიკის ცვლილების ფონზე გაიზარდა.
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინის 2027 წლის დაფინანსების საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზეც განიხილებოდა.
მისივე თქმით, ბრიუსელი მხარს უჭერს ფინანსური ტვირთის უფრო ფართოდ გადანაწილებას და მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში თითოეულმა საერთაშორისო პარტნიორმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.
„პოლიტიკო“ ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის დაფინანსების საკითხს ართულებს 2027 წელს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნები და შეერთებული შტატების პოლიტიკის არაპროგნოზირებადობა.
გამოცემის შეფასებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის პარტნიორების უფრო ფართო წრე ჩამოაყალიბოს, რათა კიევის საჭიროებების დაფარვა მხოლოდ ევროპული ბიუჯეტების შესაძლებლობებზე არ იყოს დამოკიდებული.
ცნობისთვის, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობა 231 მილიარდ ევროს აღემატება. ეს თანხა მოიცავს სამხედრო და საბიუჯეტო დახმარებას, ფინანსურ გარანტიებს, ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელების მხარდაჭერას და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავლებს.