„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს, სავარაუდოდ, აღარ დააწესებს
„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს, სავარაუდოდ, აღარ დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს, სავარაუდოდ, აღარ დააწესებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის გეგმა, რომელიც ისრაელის მთავრობის მინისტრების დასანქცირებას და სავაჭრო კავშირების შემცირებას ითვალისწინებდა, მას შემდეგ შეჩერდა, რაც აშშ-ის შუამავლობით ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ წევრი ქვეყნების წამყვანმა ჯგუფმა ეს აუცილებლობად აღარ მიიჩნია.

დახურული მოლაპარაკებების შესახებ ოთხმა ევროპელმა დიპლომატმა „პოლიტიკოსთან“ ანონიმურობის დაცვით ისაუბრა. მათი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციების წინადადებამ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვოს იმ ფონზე, როდესაც სანქციების დასაწესებლად 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ვაჭრობის შეზღუდვის ცალკეული ზომების შემოღება ქვეყნების მცირე ჯგუფის მხარდაჭერითაც შესაძლებელია, თუმცა, ევროპელი დიპლომატების თქმით, ესეც ნაკლებად მოსალოდნელია.

ამასთან, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ განაცხადა, რომ ზომების შემოღების გადადებამ ბლოკის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები 17 სექტემბერს წარადგინა. ევროკომისიის ინფორმაციით, „სანქციები ასოცირების შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულების შეჩერებას, ექსტრემისტი მინისტრების, დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეებისა და „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოიცავს“.

ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განხილვა ჯერ 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე, 23 ოქტომბერს კი ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე იგეგმება.