„პოლიტიკო“ - დიდმა ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ სანქციებისგან გაათავისუფლა
დიდმა ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ სანქციებისგან გაათავისუფლა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე დიდმა ბრიტანეთმა თითქმის 300 ახალი სანქციის დაწესების შესახებ განაცხადა. როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ივეტ კუპერმა აღნიშნა, ისინი ზომებს იღებენ იმ წყაროების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ომის გაგრძელებაში ეხმარებიან.
სანქციების სიაში მოხვდა რუსული კომპანია „ტრანსნეფტიც“, რომელიც „დრუჟბას“ მილსადენს მართავს და რუსული ნავთობის ექსპორტის 80 პროცენტზე მეტს ახორციელებს, თუმცა იმავე დღეს ბრიტანეთის ფინანსური სანქციების სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მილსადენი „დრუჟბა“ „გამონაკლის პროექტად“ არის მითითებული, ანუ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი კვლავ დაშვებულია.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, სლოვაკეთი და უნგრეთი ამ მილსადენზე არიან დამოკიდებულები და სწორედ ეს გახდა უნგრეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების მიზეზი. უკრაინაში აცხადებენ, რომ „დრუჟბა“ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, სლოვაკეთსა და უნგრეთში კი ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინა გამიზნულად არ ახორციელებს საწვავის მიწოდებას „დრუჟბის“ მილსადენით.