„პოლიტიკო“ - დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ჩინეთისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიყიდვის დაჩქარებას ფარულად ლობირებდა
„პოლიტიკო“ - დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ჩინეთისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიყიდვის დაჩქარებას ფარულად ლობირებდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ფარულად ლობირებდა, რომ მინისტრთა კაბინეტს ჩინეთისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიყიდვა დაეჩქარებინა, – ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების მტკიცებით, დოკუმენტები შეიცავს ლიზ ტრასის პირად მიმოწერას და იმ პერიოდით თარიღდება, როდესაც იგი პარლამენტის წევრი იყო. კერძოდ, 2023 წლის აგვისტოთი დათარიღებულ წერილში ლიზ ტრასი სთხოვდა ბიზნესისა და ვაჭრობის მდივანს, კემი ბადენოხს, ჩარეულიყო ბრიტანული თავდაცვითი მწარმოებლის საქმეში, რომელსაც ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა სურდა. ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებმა კომპანია Richmond Defence Systems-ს დაუბლოკა ჩინეთში გამნაღმველი აღჭურვილობის ექსპორტი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული აღჭურვილობა, შესაძლოა, ჩინეთის მიერ ტაივანში ინტერვენციის შემთხვევაში იყოს გამოყენებული. სამხედრო-სამრეწველო კომპანია Richmond Defence Systems-ი ლიზ ტრასის საარჩევნო ოლქ ნორფოლკშია ბაზირებული.

„ძვირფასო კემი, გწერთ ჩემი ამომრჩევლის სახელით, რომლის განაცხადი ჩინეთში ტვირთების მიწოდების ლიცენზიაზე პირველად 2023 წლის 3 იანვარს იქნა წარდგენილი. მადლობელი ვიქნებოდი, თუ შეძლებთ ლიცენზიის დაჩქარებას“, – წერდა დეპუტატი ლიზ ტრასი ვაჭრობის მდივანს 2023 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში.

როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ჩინეთის მიმართ ტრასის მკაცრ პოზიციას ცენტრალური ადგილი ეკავა მის პოლიტიკურ კამპანიაში, როგორც საგარეო საქმეთა მდივნის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე, ისე დაუნინგ სტრიტიდან მისი გადადგომის შემდგომ, დეპუტატად მუშაობისას.

2023 წლის მაისში ტრასი ტაივანში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას თავის შემცვლელს, პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს მოუწოდებდა, გამოეცხადებინა ჩინეთი, როგორც საფრთხე დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მისი განცხადებით, ტაივანი ჩინეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ფრონტის ხაზზეა.

2023 წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ლიზ ტრასი გამოდიოდა ტაივანისთვის მეტი იარაღის მიწოდების მოწოდებით, თუმცა იმავე ზაფხულში მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ტრასი აცხადებდა, რომ ბრიტანული კომპანიისთვის ჩინეთში სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის აკრძალვა ნიშნავდა მილიონობით დოლარის ღირებულების მომავალი გაყიდვების დაკარგვას. ტრასის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ის უბრალოდ თავის საქმეს ასრულებდა, როგორც პარლამენტში სამხრეთ-დასავლეთ ნორფოლკის წარმომადგენელი დეპუტატი.

„ლიზი ყოველთვის გადასცემს ამომრჩეველთა საქმეებს მთავრობის დეპარტამენტებს და თვალს ადევნებს, რომ მათ საჭირო პასუხები მიიღონ“, – განაცხადა ყოფილი პრემიერის წარმომადგენელმა.

„პოლიტიკომ“ ვაჭრობის მდივნის, კემი ბადენოხის პასუხის პროექტიც მოიპოვა, რომელშიც ის ხაზს უსვამს განაცხადის ყურადღებით და დეტალურად განხილვის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ გადაწყვეტილებას მეტი დრო სჭირდება.