„პოლიტიკო“ - ჩინეთმა და აშშ-მა ალასკაზე შეხვედრა არადიპლომატიური სიტყვების ომით დაიწყეს
„პოლიტიკო“ - ჩინეთმა და აშშ-მა ალასკაზე შეხვედრა არადიპლომატიური სიტყვების ომით დაიწყეს

ჩინეთმა და აშშ-მა ალასკაზე შეხვედრა არადიპლომატიური სიტყვების ომით დაიწყეს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“, რომელიც ჩინელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების შეხვედრას უკავშირდება.

ეს არის ორი ქვეყნის წარმომადგენლების მაღალი დონის შეხვედრა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჩინეთი მსოფლიო სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრმა, იან ცზეჩიმ თქვეს, რომ აშშ ადამიანის უფლებების საკითხებში ფარისევლურად იქცევა, რადგან შავკანიან მოქალაქეებთან მიმართებაში არასათანადოდ მოქმედებს.

„ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ მივესალმებით მკაცრ კონკურენციას და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს პრინციპებს, ხალხს და მეგობრებს“, – განაცხადა სალივანმა შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ დააყენებს ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხს მისი ქმედებებისთვის ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ჰონგ-კონგი, სადაც ჩინეთმა დემოკრატიაზე იძალადა, სხვა ქვეყნების მიმართ ეკონომიკური იძულება და იუღურ მუსლიმთა მიმართ გენოციდური კამპანია. იან ცზეჩიმ ამერიკულ მხარეს უპასუხა, რომ ვაშინგტონი თავის ფინანსურ და სამხედრო ძალას სხვა ქვეყნების დასაშინებლად იყენებს და ადამიანის უფლებათა პრობლემების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბაიდენის ადმინისტრაციას ტრამპის პრეზიდენტობის დროს ჩინეთზე დაწესებული სანქციები და ტარიფები ამ დრომდე არ მოუხსნია.