„პოლიტიკო” – აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, ამჟამად დონალდ ტრამპის მაგიდაზეა

01:57, 19.08.2026

აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, ამჟამად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო” სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და კანადის ოფიციალური პირები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აშშ-ის ადმინისტრაცია კანადას მოუწოდებს, გააუქმოს შარშან ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ მიღებული ზომები. მათ შორისაა კანადის ცალკეულ პროვინციებში ამერიკული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვა და ამერიკულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფები. თავის მხრივ, ოტავა აშშ-ის მიერ ავტომობილებსა და სხვა საქონელზე დაწესებული ტარიფების შემცირებას ცდილობს.

„პოლიტიკოს” სამიდან ორი წყაროს ინფორმაციით, შესაძლო შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კანადის მხრიდან რძის პროდუქტებზე მოქმედ სატარიფო კვოტასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებს. ეს საკითხი ტრამპის მიერ კანადის სავაჭრო პოლიტიკის კრიტიკისას არაერთხელ ყოფილა წამოჭრილი.
მოლაპარაკებების მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ საკითხებზე მცირე შეთანხმების მიღწევა ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო მოლაპარაკებების დაწყებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი