„პოლიტიკო“ - ანტონიუ კოშტას ოფისმა საკომუნიკაციო არხების გასახსნელად კრემლთან ხანმოკლე დიპლომატიური კონტაქტი დაამყარა
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ოფისმა საკომუნიკაციო არხების გასახსნელად კრემლთან ხანმოკლე დიპლომატიური კონტაქტი დაამყარა.
ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ბოლო კვირების განმავლობაში შედგა. მისი თქმით, საუბარი ხანმოკლე იყო და კონკრეტულ საკითხებს არ შეჰხებია.
„ევროკავშირს აქვს კონკრეტული ინტერესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია რუსეთთან დიპლომატიური კავშირის დამყარება“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
ამასთან, ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, ანტონიუ კოშტა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ ლიდერებთან როგორც რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების, ისე იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც განიხილავენ მაშინ, როცა შესაფერისი მომენტი დადგება, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი „არ არის შუამავალი“ უკრაინასა და რუსეთს შორის.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატი აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებს. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წარსულში რუსეთთან დიალოგის დამყარების მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო.