„პოლიტიკო“ - ალბანეთში აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, შეტაკებები იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა ედი რამას ოფისს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციასთან შეტაკებების დროს ოთხი დემონსტრანტი დააკავეს. დაშავდა ორი პოლიციელი, ხოლო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისას, ცეცხლი შემთხვევით საკუთარ თავს წაუკიდა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვიცე-პრემიერი კორუფციაში დაადანაშაულეს. საქმე ეხება ბელინდა ბალუკუს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. ანტიკორუფციულმა პროკურორებმა ბალუკუ სახელმწიფო კონტრაქტებში ჩარევაში დაადანაშაულეს. პროკურორები და დეპუტატები მოითხოვენ ბალუკუსთვის იმუნიტეტის მოხსნას, რათა შესაძლებელი გახდეს მისი დაკავება.
ბალუკუს, რამდენიმე სხვა თანამდებობის პირთან და კერძო კომპანიებთან ერთად, ბრალად ედებათ საჯარო ტენდერებში კომპანიების სასარგებლოდ შეთანხმებების გაფორმება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.