პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი

პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი.

ერთ-ერთი დაკავებულის, ზურაბ ბუდაღაშვილის დედა მაგდა გობეჯიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი აქციაზე თავს იცავდა.

მისი განცხადებით, ზურაბ ბუდაღაშვილს აქვს რეზინის ტყვიით მიყენებული დაზიანებები. დაკავებულის დედა ყვება, რომ მისი შვილი მეგობარს გაყვა აქციაზე, დაპირისპირების დროს კი, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს იცავდა, რომელსაც სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

მაგდა გობეჯიშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და არ ისჯებიან ის პირები, რომელთაც რეალურად დანაშაული ჩაიდინეს.

შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს ასევე კიდევ ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის დედა.

რუსუდან თამლიანი აცხადებს, რომ ბესიკ თამლიანი, როდესაც აქციაზე მივიდა, ნახა, სამართალდამცველები როგორ უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, რასაც მისი გაღიზიანება მოყვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.