პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია

17:20, 17.11.2025

პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში – ნაცვლად 15 000 ლარის, გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. ასევე, დაკრძალვის ხარჯები, ნაცვლად არსებული  500 ლარისა, 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

პროექტის მიხედვით, პოლიციელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, ნაცვლად 7 000 ლარის, 20 000 ლარი გადაეცემა, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა, და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.

შს სამინისტროს განმარტებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსამსახურეს, შეიძლება, მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება ერთი წლის ვადით, რომლის დროსაც მას ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასა და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება. აგრეთვე ანაზღაურდება მოსამსახურის ფულადი სარგო და დანამატები. ცვლილებებით დასაშვები იქნება ერთწლიანი საშვებულებო ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება, შეიძლება, მიეცეს არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაზიანებულ პირებს, არამედ სხვადასხვა ავადმყოფობის შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში შვებულება ოთხი თვით მიეცემა, რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, შეიძლება, გაგრძელდეს, მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სოციალური გარანტიები, შეიძლება, გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, აგრეთვე, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე. კონკრეტდება, რომ სამედიცინო ხარჯების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების საკითხები დეტალურად მინისტრის ბრძანებით გაიწერება.

ანალოგიური ცვლილებები „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიხედვით, იმავე გარანტიებით მეხანძრე-მაშველებიც ისარგებლებენ.

მსგავსი