პოლიციამ ზუგდიდში ტექნიკის მაღაზიის ქურდობისთვის ბრალდებული პირი დააკავა
პოლიციამ ზუგდიდში ტექნიკის მაღაზიის ქურდობისთვის ბრალდებული პირი დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები – სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.