პოლიციამ, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა

10:44, 21.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში თავს დაესხა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ცივი იარაღის დემონსტრირებით თანხა მოსთხოვა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ, ბრალდებულმა კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი