კიევის პოლიციამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ მამაკაცს, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა [ვიდეო]

კიევის პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ სამართალდამცველები მამაკაცს, რომელიც უკრაინის დედაქალაქში ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. კადრებში ჩანს, როგორ გადმოდის მამაკაცი თავად მანქანიდან და წვება მიწაზე.

როგორც ბრიფინგზე კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი კრიშენკომ განაცხადა, სამართალდამცველებთან მოლაპარაკებების დროს მამაკაცი თავის მეგობარ ქალთან შეხვედრას ითხოვდა.

უკრაინული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა დაკავებამდე პოლიციის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. შეიარაღებული პირი ჰაერში ისროდა და მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სპეცრაზმის სნაიპერები და ორი ჯავშანტრანსპორტიორი.

პოლიციის ცნობით, დაკავებული 42 წლის ალექსეი ბელკოა, ის ყოფილი სნაიპერია.

ინციდენტის გამო, კიევში მეტროს ხიდი, რომელზეც სარკინიგზო და ავტომაგისტრალები გადის, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი, რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.

დატოვე კომენტარი