პოლიციამ თელავში მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ თელავში მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.