პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, მეხუთე პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და ამოცნობის ჩატარების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.ც.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.