პოლიციამ თაღლითობის მცდელობისა და ცრუ დასმენის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული ფ.ს. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო ავტომობილი. სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

„გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს.

ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენასა და თაღლითობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.