სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა
სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა

პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ლამბალოში 17 წლის ჰ.მ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩატარდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 17 წლის არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში, დაუყოვნებლივ ჩართული იქნა სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT-ის ფსიქოლოგი, რომლებმაც რეკომენდაცია გასცეს არასრულწლოვნის გამოკითხვის თაობაზე. არასრულწლოვანს, ასევე, გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც გამოძიების ადგილზე იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი – ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით.

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.