პოლიციამ შსს-ს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ შსს-ს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

„გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ც. მომხდარიდან მალევე, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.