პოლიციამ სამეგრელოში დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ სამეგრელოში დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი: 1972 წელს დაბადებული თ.ს. და 1985 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, ყუმბარმტყორცნი, ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 777 ვაზნა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.