პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინა
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 3 აპრილის 21:00 საათიდან 4 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. ერთი ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ხუთი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

„პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ხუთი ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.