პოლიციამ რუსთავში სამი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ რუსთავში სამი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ლ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს.

სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.