პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, სამი პირი დააკავეს და ორი ამხილეს.

შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„ამავე დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. მარტვილში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ავტომობილიდან, რომლითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტი და 38 ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1954 წელს დაბადებული რ.ე. და 1967 წელს დაბადებული ი.გ., სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ამხილეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, რ.ე.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ორი შაშხანა, 152 ვაზნა და ოთხი ამფეთქ-დეტონატორი, ხოლო ი.გ.-ისგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და ვაზნები.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1998 წელს დაბადებული მ.ხ. ქუთაისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ერთი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.