პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: ერთ-ერთი ქართველი „კანონიერი ქურდის“ ძმა, კრიმინალური ავტორიტეტი, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. და ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი, 1994 წელს დაბადებული კ.კ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ.ბ. და კ.კ. „კანონიერი ქურდების“ მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, „კანონიერი ქურდების“ დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.

„პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.