პოლიციამ ქობულეთში ჯგუფური ყაჩაღობისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

10:32, 13.11.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევები: 1986 წელს დაბადებული გ.მ. და 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ქობულეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 2010 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, ბრალდებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ვ.ს.-მ  ჩანთის დაბრუნება მოახერხა, რა დროსაც დაკავებულებმა კვლავ იძალადეს მასზე. ამასთან, გ.მ.-მ არასრულწლოვანს დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო  დახმარება გაეწია. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა და 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი