პოლიციამ ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.რ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.