პოლიციამ მინსკში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა
პოლიციამ მინსკში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა

ბელარუსის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მოქალაქეებს ბრალი ედებათ „მასობრივი ღონისძიებების ორგანიზების ან ჩატარების ბრძანების დარღვევის“ მუხლით და მათ მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული პროცესი. მინსკის აღმასრულებელ კომიტეტში აცხადებენ, რომ ზოგ ადგილას აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას შეეცადნენ, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.

ბელარუსის ათეულობით მოქალაქე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის უკვე გაასამართლეს. ბელარუსში მოსახლეობამ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულად ალესანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.