პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ა.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან სხვადასხვა სახის ჭურჭელი და ლითონის ნივთები მოიპარა. ასევე დადგენილია, რომ ი.ჯ.-მ ამავე სახლის ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტები 7 და 9 თებერვალსაც ჩაიდინა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ დაკავებულმა თებერვლის თვეში მარნეულში კიდევ სამი მოქალაქე გაქურდა, კერძოდ, ფ.ბ.-ს სამოვარი და ელექტროხელსაწყოები მოჰპარა, ბ.მ.-ის ავტოფარეხიდან ასევე ელექტროხელსაწყოები, ხოლო რ.ს.-ის სახლის ეზოდან ელექტროხელსაწყო და სპილენძის სადენი მოიპარა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.