პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და ქურდობა ედება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ვ.შ.-მ უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი. ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც ვ.შ.-მ დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხა გაანაღდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.