პოლიციამ ხაშურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ხაშურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

„პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს ქალაქ ხაშურში იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო. პოლიციამ მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი