პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

10:53, 24.08.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ა.ბ. და წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული პ.ე. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ანგარიშსწორების მიზნით 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია კლინიკაში.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი