პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული გ.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 334 საბრძოლო ვაზნა, 2 მჭიდი და „ეფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა. ზესტაფონში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 157 საბრძოლო ვაზნა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.