პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.გ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.

„პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის „აკს-უ“-ის მოდელის ავტომატი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.