პოლიციამ იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი შემდგომში გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ქუთაისსა და წყალტუბოში ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 329 შეკვრა „მეთადონი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულების დროებითი საცხოვრებლებიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.