პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

10:38, 07.03.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

პოლიციელების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი