პოლიციამ გურიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

10:54, 24.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ და „ამფეტამინი“. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი